პარალელური სამყარო
მსოფლიო ქსელი ნელ–ნელა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ახლა კითხვაზე "რას აკეთებ თავისუფალ დროს?" ყველას ერთი პასუხი აქვს – "კომპიუტერთან ვარ და ინტერნეტში რაღაცებს ვაკეთებ". პრინციპში, ამ კითხვას აღარც ვსვამთ, რადგან პასუხი წინასწარ ვიცით. კომპიუტერთან საათობით ჯდომა საერთო ჩვევაა როგორც დასაქმებული, ისე უმუშევარი ადამიანისთვის, როგორც ციფრული ეპოქის აბორიგენისთვის, ისე ამ ეპოქის ემიგრანტისთვის. ხშირად ზღვარი რეალურ და ვირტუალურ სივრცეებს შორის იკარგება და ხალხს (ძირითადად კი, მოზარდებს) იმდენად იტაცებს ინტერნეტში თავმოყრილი ზღვა მასალა, რომ გარემოსთან უშუალო კონტაქტის სურვილი მნიშვნელოვნად უსუსტდება.
ინტერნეტ სივრცეში ქაოსურად ჩაყრილი ინფორმაცია გამოუსადეგარი რომ არ გამხდარიყო, გაჩნდა ინფორმაციის "დამლაგებელ–მომწესრიგებლის" აუცილებლობა. ამ ფუნქციას საუკეთესოდ რომელი ვებ–გვერდი ასრულებს, თავადაც მიხვდებით. თუ ვერ მიხვდებით, მაშინ "დაგუგლეთ". :)
"გუგლმა" და ინტერნეტმა თავისი კვალი ქართულ ენაშიც დატოვეს. გაჩნდა სიტყვები, რომელთა გაგონებაზე უფროსი თაობა ან იბნევა, ან ღიზიანდება და ჩვენ მშობლიური ენის დამახინჯებაში გვდებს ბრალს. "დაგუგლე" ამის საუკეთესო მაგალითია :) ამ ინტერნეტ–გიგანტმა იმდენად დიდი და სრულყოფილი საძიებო სისტემა შექმნა, რომ თანდათანობით სიტყვა "მოძებნე" "დაგუგლემ" თითქმის სულ ჩაანაცვლა. სასურველ კითხვაზე პასუხის საძებნელად დიდხანს ფიქრი აღარ გვჭირდება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, სად იქნება პასუხი. ზოგი იმდენად აღფრთოვანებულია "გუგლის" შესაძლებლობებით, რომ ყველაფერს მას ეკითხება, მგონი, საკუთარი გარდაცვალების თარიღსაც კი. :) ინტერნეტის ზღვარდაუდებელი შესაძლებლობების საუკეთესო ნიმუშად მე ეს გვერდი მიმაჩნია. იგი მარტივი და ყოვლისმომცველია. მომხმარებელს სთავაზობს უამრავ მომსახურებას და დაუღალავად მუშაობს მათ განახლება–სრულყოფისთვის.
ალბათ, ამერიკელი სამხედროები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ოდესღაც, და არცთუ ისე შორეულ მომავალში, ერთი ქართველი გოგო მათ მიერ ინიცირებულ საკომუნიკაციო ქსელში ბლოგისთვის პოსტს დაწერდა ქართულ ენაზე ქართული ანბანით და ამ წერილის წაკითხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლებოდა. კიდევ რა სიახლე შეიძლება შექმნას ადამიანმა ამ პარალელურ სამყაროში ისეთი, რომლის წარმოდგენა ახლა მე არ შემიძლია და მალე შეიძლება რეალობად იქცეს? ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არც მე მაქვს და არც "გუგლს". მგონი, კაცობრიობა, მართლაც, სინგულარობისკენ მიემართება.

