კანონები ნარკოტიკული საშუალებებისა და მათზე დამოკიდებული პირების შესახებ

საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

 

თავი VII

ნარკოლოგიური დახმარება

მუხლი 38. ნარკოლოგიური დახმარების ზოგადი პრინციპები

1 სახელმწიფო აფინანსებს ნარკომანიით დაავადებული პირის გამოკვლევასა და ექსპერტიზას, დიაგნოსტიკას, დისპანსერიზაციას, მკურნალობას და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

2. ნარკომანიით დაავადებულ პირს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, გაცხადებულად ან ანონიმურად, ნებაყოფლობითი ან სავალდებულო წესით. არასრულწლოვან პაციენტს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა მშობლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საკუთარი სურვილით.

3. ნარკომანიით დაავადებული პირის მკურნალობა ნარკოტიკული საშუალებებით აკრძალულია, გარდა სასიცოცხლო ჩვენებისა, სტაციონარის პირობებში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნის პერიოდისა, აგრეთვე ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განხორციელებისა. 

მუხლი 39. ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოვლენა, აღრიცხვა და ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების ფაქტის დადგენა

1. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მიღების ფაქტები დგინდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტით. (28.04.2006 N 2949)

2. ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში თავსდება ინფორმაცია საქართველოში ნარკომანიით დაავადებულ პირთა შესახებ. ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს უფლება აქვთ, საინფორმაციო ბანკში ინფორმაცია გააგზავნონ პაციენტის პერსონალური მონაცემების გარეშე. ასეთი მონაცემები წარმოადგენს საექიმო საიდუმლოებას, რომლის განსაიდუმლოება ხდება პაციენტის თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. ნარკომანიის დიაგნოსტირებას ახდენს სამედიცინო დაწესებულება კომისიური წესით (არანაკლებ სამი ექიმი-ნარკოლოგის მონაწილეობით), რომელიც ნარკომანიით დაავადებულ პირზე სამ ეგზემპლარად ადგენს სააღრიცხვო ბარათს. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ცენტრალურ საინფორმაციო ბანკს, მეორე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო მესამე – რჩება დაწესებულებაში.

4. ნარკომანიით დაავადებული პირი მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ სამი წლის განმავლობაში იმყოფება დისპანსერულ მეთვალყურეობაზე.

5. ნარკომანიით დაავადებული პირის დისპანსერიზაციის, აგრეთვე სომატონარკომანის მეთვალყურეობისა და მკურნალობის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.  

მუხლი 40. ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობა

1. ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება სამედიცინო დაწესებულებაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში.

2. ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებულ პირს უფლება აქვს დადგენილი წესით შეინარჩუნოს ანონიმურობა, საკუთარი სახსრებით, არანაკლებ სიცოცხლეში ერთხელ კი – სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი.

3. ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებული პირი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას დადგენილი წესით წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ასეთი საბუთის საფუძველზე პაციენტს ენიჭება სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომლის გაშიფვრა ხდება მისი თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

4. პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის, მისთვის საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭებისა და კონფიდენციალობის დაცვის წესებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის სახეებია:

ა) ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნა თავისუფლების დროებითი

შეზღუდვის ან პატიმრობაში აყვანის შემთხვევაში;

ბ) მკურნალობა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.

(6. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის სახეებია:

ა) ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნა თავისუფლების დროებითი

შეზღუდვის ან პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში; (9.03.2010 N 2718 ამოქმედდეს 2010 წლის 1

ოქტომბრიდან)

ბ) მკურნალობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.)

7. თუ ნარკომანიით დაავადებულ პირს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი და იგი უარს აცხადებს ნებაყოფლობით მკურნალობაზე, სავალდებულო მკურნალობის აუცილებლობას და ხანგრძლივობას განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულება კომისიური წესით, რის საფუძველზედაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება პირისათვის სავალდებულო მკურნალობის ჩატარების შესახებ. სრულწლოვან პაციენტებს სავალდებულო მკურნალობა უტარდება სპეციალიზებულ, დახურული ტიპის ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, ხოლო

არასრულწლოვან პაციენტებს – სპეციალიზებულ, დახურული ტიპის სამკურნალო აღმზრდელობით დაწესებულებაში. სავალდებულო მკურნალობა წყდება შესაბამისი დაწესებულების კომისიური გადაწყვეტილების საფუძველზე. სავალდებულო მკურნალობისათვის თავის არიდება ისჯება კანონით.

 

საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 3. უფლებების ჩამორთმევა

1. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) საექიმო საქმიანობის უფლება;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების  უფლება.

 

 


Meta