სოციალური Vs ტრადიციული
ადამიანებს საკუთარი თავი ძალიან გვიყვარს და საკუთარ ემოციებსა თუ გამოცდილებაზე ლაპარაკით არასოდეს ვიღლებით. ყველას გვაქვს სურვილი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს რას ვფიქრობთ, როგორ განწყობაზე ვართ, რა მოხდა ახალი ჩვენს ცხოვრებასა თუ ჩვენ გარშემო. მარკ ცუკერბერგიც ერთ–ერთი ჩვენგანია, რომელმაც კარგად იცოდა ადამიანთა ეს თვისება და კარგად გამოიყენა კიდეც. მან საზოგადოებას შესთავაზა ახალი პლატფორმა აზრებისა და სხვადასხვა ტიპის ფაილის გაცვლისათვის. შეიქმნა სივრცე, სადაც ადამიანები ინფორმაციას იღებენ არა ერთ კონკრეტულ დროს ერთი კონკრეტული ადამიანისგან (ვგულისხმობ საინფორმაციო გამოშვებას და მის წამყვანს), არამედ უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა მათნაირი რიგითი მოქალაქეებისგან. ასე მიღებული ინფორმაცია ხშირად უსარგებლოა, თუმცა ზოგჯერ მნიშვნელოვანი მოვლენა ტრადიციულზე ადრე სოციალური მედიით ვრცელდება.
რითია ტრადიციულ მედიაზე უკეთესი სოციალური?
ამ უკანასკნელს რამოდენიმე უპირატესობა აქვს ტელე–რადიო და ბეჭდურ მედიასთან შედარებით. პირველ რიგში, ის ხელმისაწვდომია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. გარდა ამისა, თუ ტრადიციულ მედიაში უკვე გამოცემულ სტატიასა თუ ეთერში გასულ სიუჟეტს ვერ შეცვლი, ონლაინ მედია რედაქტირების საშუალებას იძლევა. ნაწერში ცვლილებების შეტანა შეუძლია როგორც თავად ავტორს, ისე სხვა პირს, როგორც ეს, მაგალითად, "ვიკიპედიაზე" ხდება, სადაც ერთი სტატია შეიძლება, უამრავმა ადამიანმა ჩაასწოროს. ყველაზე დიდი უპირატესობა კი, რაც სოციალურ მედიას აქვს, არის მისი ინტერაქციული ხასიათი. ინფორმაციის გამავრცელებელი და მისი მკითხველები აქტიურად მსჯელობენ მომხდარზე, ან კომენტარებს ტოვებენ ერთმანეთის ვიდეოებსა თუ სურათებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ მედიაში სიცოცხლე ჩქეფს. ეს არ არის სტატიკური პროცესი, როცა ვინმე მონოლოგით გამოდის და დანარჩენები უსმენენ (ან კითხულობენ).
სოციალურ მედიაზე აქტიურად წერენ უკვე წიგნებს. ერთ–ერთი ასეთი წიგნი "ფეისბუქის ერა" 2009 წელს კლარა შიმ დაწერა (Clara Shih), სადაც იგი პრაქტიკულ რჩევებს აძლევს ბიზნესის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, როგორ გამოიყენონ სოციალური ქსელები, როგორიცაა Facebook, Twitter, MySpace და Linkedln გაყიდვების, მარკეტინგისა და ინოვაციების კუთხით.
შეიძლება თუ არა სოციალურმა მედიამ ტრადიციული ჩაანაცვლოს?
არა, ჯერჯერობით არა.
როცა ინფორმაცია ასეთი ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი ადამიანისთვის და როცა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, გადაიღოს ახალი ამბავი ან დაწეროს სიახლის შესახებ და გაავრცელოს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ხოლმე ჟურნალისტების საჭიროების საკითხს, თუმცა მოგვიანებით ამ კითხვის ავტორები ან თავად ან სხვისი დახმარებით ხვდებიან, რომ რიგითი მოქალაქეები ჟურნალისტებისგან განსხვავებით, არ იღებენ პასუხისმგებლობას ინფორმაციის უტყუარობაზე, ასევე არ აღლევებთ, თუ მათ ვიდეოსა თუ პოსტში ყველა მხარის პოზიცია არ არის წარმოდგენილი. ამიტომ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არც იმდენად სანდოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, იგი მაინც არ არის ხელმისაწვდომი ყველგან, დედამიწის ყველა წერტილში. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა, ამიტომ ინფორმაციას მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც ტელევიზიით იგებს და არც იმას აპროტესტებს, რომ კომენტარების დატოვების საშუალება არ ეძლევათ. ვიდრე ყველა ოჯახში ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერი არ იქნება, ტელევიზორს პოპულარობით ჩვენს ქვეყანაში ვერაფერი შეედრება.

